ნაციონალური მოძრაობის თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი იოლი გზებით ცდილობს, ამომრჩეველი მიიმხროს. თუმცა, მისი განცხადებით, ხალხს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.
"იოლი გზა აქვს არჩეული ქართულ ოცნებას, იქნება რამენაირად გადაარწმუნოს თავისი მომხრეები დაშინებით, მაგრამ მთავარი არის ერთი რამ - ხალხს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ამ გადაწყვეტილებას ვერც ხაშლამით შეუშლიან, ვერც მწვადით და ვერც იმ კამპანიით, რომელსაც აწარმოებენ",-ამბობს გიორგი ბოტკოველი.
ქართული ოცნების მიერ გამართულ ღონისძიებას, სადაც პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მეწარმეებს ერთ-ერთ რესტორანში უმასპინძლა, ლეიობორისტულ პარტიაშიც გამოეხმაურნენ. გიორგი გუგავა არ გამორიცხავს, რომ შეხვედრა ბიუჯეტის ხარჯზე გაიმართა.
გუგავა ასევე აცხადებს, რომ მსგავსი შეხვედრები კანონით აკრძალულია და მომხდარზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხედეს.
„ირაკლი ქადაგიშვილს სინდისის ქეჯნა უნდა აწუხებდეს, მაშინ როდესაც მისნაირი გაქსუებული ჩინოვნიკების გამო მოსახლეობა აშიმშილებულია, ის ბიუჯეტის ხარჯზე ქეიფობს. მეორე ის, რომ ეს კანონით დაუშვებელია, ითვლება მოსყიდვად და აქედან გამომდინარე შესაბამისი რეაგირება უნდა ხდებოდეს. მესამე ის, რომ არის ჩვეულებრივი მატყუარა, სად გაგონილა კახეთში სუფრაზე ჩაის და კანფეტს მიირთმევდნენ",-ამბობს გუგავა.
ქართული ოცნების თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, 50-მდე ადგილობრივ მეწარმეს ერთ-ერთ რესტორანში უმასპინძლა.
სამართლიანი არჩევნების შეფასებით, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მსგავსი შეხვედრები შეიძლება აჩენდეს ეჭვებს, ხომ არ იყო ეს გაკეთებული ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით.